ივანიშვილი 2 წელია, არ მინახავს და არ მაქვს ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „დღის თემასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ოლიგარქობის ჩანაწერი იმას მიუთითებს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ არ იმუშავა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფაქტები ევროპარლამენტში ხელისუფლებას ან მის ადვოკატს უნდა ჩაეტანა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს ივანიშვილის ოლიგარქობის დამამტკიცებელი ან უარმყოფელი რამე ფაქტი და ერთადერთი, რისი თქმაც შეუძლია, ის არის, რომ მის საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა.

„მე არ მაქვს ფაქტები. ფაქტები უნდა ჰქონდეთ უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო მთელი კონტრარგუმენტებით, იმიტომ, ხომ იციან, რა არგუმენტებით მუშაობდა ოპოზიცია“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, ევროპაში უსვამენ თუ არა მას შეკითხვებს არაფორმალურ მმართველობაზე, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამას ეკითხებიან, რაზეც პასუხობს, რომ მის საქმიანობაში ჩარევის ნიშნები არ არის.

„პირველი დღიდან, თავის დროზე როცა თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა თქვენს საქმიანობაში, გარდა ახლა რაც მოდის თავდასხმები პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა და ამას ვეუბნები უცხოელებს, როცა ამ თემაზე აპელირებენ, რომ მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი მე მგონი, 2 წელი გახდა და არ მაქვს ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას.

შეიძლება, ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, ალბათ, ნორმალურია, სხვა მე ფაქტი არ მაქვს. დანარჩენი გასაკეთებელი იყო, არა პრემიერის დონეზე, არა პრეზიდენტის, არამედ ჩასვლა და კითხვა, რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებას, ეს პარტიული საქმიანობაა, ჩემი ბრალი არ არის, რომ არ მუშაობენ და არ იციან, როგორ იმუშაონ.

ლანძღვით არაფერი კეთდება, მძიმდება. სხვათაშორის, სანქციების თემა დასრულდა ევროპარლამენტის რეზოლუციით, არ გადმოიტანა ევროპულმა საბჭომ თავის რეზოლუციაში, სადაც მიიღო დეოლიგარქიზაციის პუნქტი, მინიშნება არ არის ივანიშვილზე, ამ დროს, როცა უმრავლესობა ლაპარაკობს, რომ ეს არის კვაზისანქციები, რაც ხდება შვეიცარიაში, რომ სანქციები მიუღებელია, პრემიერი რომ წერს და მხოლოდ ივანიშვილზე წერს კომისიის თავმჯდომარეს, ეს არის ამ თემის ტირაჟირება და სულ ტყუილად, ეს უნდა ჩუმად, წყნარად, მოლაპარაკების დონეზე მოეგვარებინათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ამ საკითხზე გუშინ არ უსაუბრია.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტთან მუშაობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ვიზიტები აუცილებელი იყო, რადგან ვიღაცას შეკითხვები უნდა დაესვა, რა ვითარება იყო საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შესთავაზა ევროპის დედაქალაქებში ვიზიტები, რაზეც მას პასუხი არ მიუღია.

პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა აღარავინ აღარ ესაუბრება.

ინტერვიუს განმავლობაში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მმართველი გუნდის წევრები არ ესაუბრებიან, სავარაუდოდ, მათი გაკრიტიკების გამო.

„ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა, ყველგან ჩასვლით, უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში. მე მახსოვს იმ მომენტში, თარიღი ზუსტად არ მახსოვს, შევთავაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ ყველგან რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ, პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია, ამ საქმეში ყველა ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას არ ესმის, ჰგონია, რომ როცა იქ ჩადის და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, რომ ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანი არის… ისეთ ფაქტებზე აქვთ აქცენტი ცდილობენ და ძალიან ხშირად ჩადიან და მათი განცხადებები ყველამ მოვისმინეთ და ვიცით რაზე ვსაუბრობ, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის.

ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ვიტყოდი, დღეს უფრო დამაზიანებელია, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ხელისუფლებას აქვს ბერკეტები და ხელისუფლება, როცა ლანძღავს ელჩებს, როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს, როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია, ჩვენ საით მივდივართ და მგონი ჩვენი საზოგადოებისთვისაა გაუგებარი, საითკენ მივდივართ. რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.