აბაშიძე-კარასინის გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სამმა პარტიამ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ერთობლივი ბრიფინგი გამართა.
როგორც პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს, საგანგაშოა, რომ ქართველი ხალხის ზურგსუკან რუსულ პოლიტიკას ატარებენ. მათი თქმით, ამისთვის მნიშვნელოვანია, 24 თებერვალს მოქალაქეებმა მკაფიოდ უთხრან „ოცნებას“, რომ ისინი არ შეეგუებიან ამას.
„არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას. ეს გასაკვირი არ არის, აბაშიძის რეაქციაც ვნახეთ, მაგრამ მთავარი არის კითხვა, რას ვშვებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში პასუხი არის – არა და 24 თებერვალი ის განსაზღვრელი დღეა, როდესაც ეს არა ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ რუსეთს“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველამ მოისმინა ჩანაწერი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქართველი ხალხის ზურგსუკან თურმე არსებობს რაღაც ფორმატები, რომელთა საშუალებითაც რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს „ქართული ოცნება“.
„ვიცით რომ ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს ხან აბაშიძის პირით, ხან სუსის და ხან შსს-ს პირით. შევეგუეთ რომ თითქოს ეს არის ნორმალური ამბავი, როცა ჩვენ ზურგს უკან, კაცმა არ იცის რაზე, ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან. ჩემთვის ტონალობა არის პრობლემა. ეს არის ამაზრზენი, რომ ასე ველაპარაკებით მტერს, მაშინ როცა უკრაინაში ბავშები იხოცება, “- თქვა პარტია „გირჩი-მეტო თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის.
ჩანაწერის მიხედვით ზურაბ აბაშიძე კარასინს აწვდის ინფორმაციას ლარსის მიმართულებით მიმდინარე პარალელური მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.
აბაშიძე ადასტურებს გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობას და ამბობს, რომ ორჯერ მოისმინა ჩანაწერი და ვერ ხვდება ამაში „სასკანდალო რა არის“.