„ლელო“ ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

„ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.

ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვლმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, რომელზეც აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შეაფასა.

დეპუტატის განცხადებით, ამ ჩანაწერით გამჟღავნდა, რომ რუსეთი ივანიშვილის ხელისუფლებას დავალებას აძლევს, განიხილოს სატრანსპორტო დერეფნების გაფართოება.

სამადაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისგან მიიღო ასევე დავალებად, რომ ჩაშლილიყო ანაკლიის პორტის პროექტი.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა პუტინისთვის“, – თქვა მან.

სამადაშვილის თქმით, რუსეთი დღეს სანქციების ქვეშაა, ამ სანქციებისგან თავის ასარიდებლად მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოება.

„ჩვენი მოთხოვნაა, ბატონი აბაშიძე დაიბარონ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ამავე დროს რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა, კანდიდატის სტატუსის არმიღება, ცხადია ზედმიწევნით სრულდება“, – განაცხადა მან.


1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის.

ჩანაწერის მიხედვით ზურაბ აბაშიძე კარასინს აწვდის ინფორმაციას ლარსის მიმართულებით მიმდინარე პარალელური მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.

აბაშიძე ადასტურებს გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობას და ამბობს, რომ ორჯერ მოისმინა ჩანაწერი და ვერ ხვდება ამაში „სასკანდალო რა არის“.