13 ამერიკელი კონგრესმენი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, სახელით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. დოკუმენტი მიმოიხილავს ამერიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე.
კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა გააფართოვოს სანქცირებული ადამიანების სია, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უშუალო თუ ფარული მოკავშირეების, რომლებიც მას პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტაბილიზაციასა და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის გატარებაში ეხმარებიან. სწორედ ამ კონტექსტშია დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებული.
„მაგალითისთვის, ამისთვის საჭირო იქნებოდა იმგვარი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფდა იმგვარ ადამიანებზე სანქციების დაწესების უფლებამოსილებას, როგორიცაა რუსი მილიარდელი ოლიგარქი ვლადიმერ იევტუშენკოვი. დამატებით, არსებული სანქციები საკმარისად არ მოიცავს პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც იყენებდა თავის მედიაიმპერიას ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად“, – წერია ანგარიშში.
კონგრესმენები გასცემენ რეკომენდაციას, შემუშავდეს სპეციალური სია რუსეთსა და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ.
„ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციების აუცილებლობა, რაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.