სენატორების წერილი - შეშფოთებულნი ვართ საქართველოს კავშირით ამერიკის მტრებთან

ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს, სტივენ მნუნიჩს წერილი მისწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზეა საუბარი.

წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ამერიკული ბიზნესების გაძევებითაა დაინტერესებული. წერილის ავტორები პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზეც საუბრობენ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ქმედებების ერთ-ერთ მოტივატორზე.

სენატორები და კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის მტრებთან საქართველოს კავშირის გამო, რაც, მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება.

წერილს ხელს აწერენ  სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მულინი.

იხილეთ წერილი სრულად:

„ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებისა და სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ფინანსური აქტივობების შესახებ. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს კავშირით ამერიკის სასტიკ მოწინააღმდეგეებთან და მტრებთან, რაც ჩვენი სტრატეგიული ინტერესებისა და ბიზნესინტერესების ხარჯზე ხდება.

ბოლო წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში თითქმის 50%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც გადასახადები და ბიუროკრატიული წინაღობები გაიზარდა დასავლელი ბიზნესმენებისთვის.

კარგი მმართველობის პრობლემებმა პირდაპირ შეუშალეს ხელი ამერიკულ კომპანიებს საქართველოში საქმიანობის განხორციელებაში და ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავებაში. ტექსასური კომპანია „Frontera Resources” ყველაზე მსხვილი ამერიკელი ინვესტორია საქართველოში გაზისა და ნავთობის განვითარებად სექტორში. მათ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადეს ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში. ცოტა ხნის წინ Frontera-ს უკიდურესად შემზღუდველი რეგულაციები დაუწესეს, ახლა კი კომპანიას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ექსპოპრიაცია ემუქრება. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია „Conti Group” ზუსტად იმავე გზით გამოაძევეს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონსორციუმიდან, რის შედეგადაც პროექტი შეჩერდა.

ეს გართულებები და დავები მნიშვნელოვნადაა დაღდასმული გეოპოლიტიკური იმპლიკაციებით. Frontera-ის ენერგიის მომპოვებელი საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო გამხდარიყო სტაბილური და ჰქონოდა ენერგოდამოუკიდებლობა. ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი კი მიმართული იყო რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შესამცირებლად.

უფრო მეტიც, ლეგიტიმური ბიზნესების გაძევების პარალერულად კანონსაწინააღმდეგო კომერციულმა საქმიანობამ დაიკავა ადგილი. ქართული ბიზნესები და ქართული საფინანსო სისტემა წლების განმავლობაში ცუდ რეპუტაციას ფლობდა ამერიკაში სანქციების დამწესებელ ჩინოვნიკებს შორის, რადგან იგი ირანისთვის ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმს წარმოადგენდა ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტი იგდეს ხელთ და იყენებდნენ მას ფულის გადასატანად, ისევე როგორც სხვა ტიპის საქმიანობებისთვის, რომელიც ფულის გადაცვლას, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ბიზნესებსა და ავიახაზებსაც კი მოიცავდა. ქვეყნის დასავლური ორიენტაციისა და ქვეყანაში არსებული მრავალი პორტის ერთობლიობა საქართველოს ირანელებისთვის იდეალურ სამიზნედ აქცევს. ნამდვილად, ბოლოდროინდელი ცნობები მიანიშნებს, რომ ბათუმში არსებული პორტი კვლავ იქცა ირანის მხრიდან ნავთობთან დაკავშირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამიზნედ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ:

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – პარტია „ქართული ოცნების” ლიდერობით, იმ ამერიკული, კანონიერი ბიზნესების გაძევებით არის დაკავებული, რომელთაც განახორციელეს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში;

ყოველი ასეთი ქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის, როგორც მოგვახსენეს, ბიძინა ივანიშვილის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კავშირებით რუსეთის მთავრობასთან;

ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს შავი ზღვის პორტებთან, რისკის ქვეშ აყენებს ამერიკის უსაფრთხოების კრიტიკულ ინტერესებს, მათ შორის:

1.ამერიკული კომპანიების გამიზნული გაგდება პორტის მშენებლობებიდან, რომელთა მიზანიცაა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება;

2.ირანის მიმართ დაწესებული ამერიკული სანქციების იძულების მექანიზმის ნაკლოვანებას, განსაკუთრებით და სპეციფიკურად პორტის აქტივობებთან მიმართებით.

საქართველო კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორია და ისწრაფვის NATO-ის მოკავშირეობისკენ. სამხედრო თვალსაზრისით, ქართველებმა ჩვენი მისიისთვის ავღანეთში რესურსები გაიღეს. ქვეყანა გეოგრაფიულად გვთავაზობს კრიტიკულად მნიშვნელოვან მარშრუტს ვაჭრობისა და ენერგიისთვის კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე. აშშ-საქართველოს საიმედო თანამშრომლობა წარმოადგენს აუცილებლობას ამერიკული ინტერესებისთვის, რაც, თავის მხრივ მოითხოვს საქართველოს დაბრუნებას კარგი მმართველობისკენ.

გადახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები მოითხოვს ფედერალური მთავრობის ცხად რეაქციას, როგორც ყოველთვის ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც საჭიროა ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების მხარდაჭერისა და დაცვისთვის”, – ნათქვამია სენატორებისა და კონგრესმენების ერთობლივ წერილში.