ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გადაწყვეტილებით, დიუშენით დაავადებული ყველა მოქალაქე, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას – ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, დახმარება შემდეგნაირად განაწილდება:
- მართვით სუნთქვაზე მყოფ ან სხვა მძიმე თანმხლები გენეტიკური დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში მიიღებენ 10 000 ლარს;
- ეტლში მყოფ პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში მიიღებენ– 5 000 ლარს;
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სხვა საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ – 3 000 ლარს.
ორგანიზაციის ცნობით, დახმარების მისაღებად მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ გენეტიკური კვლევის პასუხი, ფორმა 100, დაბადების მოწმობა და პაციენტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.
გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ორგანიზაცია იწყებს დიუშენის დამხმარე საშუალებების – ადაპტირებული ეტლების, სპეციალური საწოლების, სასუნთქი აპარატების, ტრანსპორტირების საშუალებებისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენას.
„ყველა პაციენტს შეუძლია, მოგვმართოს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ორგანიზაცია განიხილავს დიუშენის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც გახდება პაციენტებისა და ოჯახების მხარდაჭერის, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სივრცე“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ცნობით, კვირას, 7 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში ოჯახებს პატრიარქი დალოცავს, საღამოს 18:00-ზე კი გაიმართება დიუშენის მარში.
„ეს იქნება მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში, სადაც კიდევ ერთხელ ვეტყვით მადლობას ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს გვერდით იდგა. დაგეგმილია ასევე სანახაობრივი ღონისძიებები.
დასასრულ, გვსურს ეს გამარჯვება მივულოცოთ ჩვენს ბავშვებს, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
განსაკუთრებული მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გიორგი კალატოზიშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით იდგა ქუჩაში, გვაძლევდა ძალას, გვიზიარებდა გამოცდილებას, გვამხნევებდა, გვიწევდა პროფესიულ დახმარებას და ფინანსურად უჭერდა მხარს ჩვენს ბავშვებს.
ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს.
ბრძოლა გრძელდება, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთად დგომამ შედეგი გამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „დიუშენის დაავადების მქონე მშობლებთან შეჯერდნენ მედიკამენტებზე, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება“.
მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, ხოლო შესყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებების გათვალისწინებით.
ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა, რომელი მედიკამენტის შესყიდვაზე მიაღწიეს შეთანხმებას.