იოზვიაკი: 11 ივნისს EU-ში შესაძლოა იმსჯელონ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, მომდევნო კვირას, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხზე იმსჯელებს – შესაძლოა, განიხილონ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.

იოზვიაკის ცნობით, ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო გადაწყვეტილება შეჩერებაზე წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა 2027 წლის იანვარში მიიღონ.

6 მარტს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში. მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.

უვიზო მიმოსვლა ჯერჯერობით ძალაშია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ევროკომისიამ მარტში განაცხადა, საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი გააქტიურდა იმის გამო, რომ ისინი განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არღვევენ დემოკრატიის წესებს და ფუნდამენტურ უფლებებს ძირითად სფეროებში.

ვიზალიბერალიზაციის ბოლო, მე-8 ანგარიშში, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „უვიზო მიმოსვლა შეწყდება, თუ საქართველოს მთავრობა პრობლემებს არ მოაგვარებს“.

პრობლემებს შორის დასახელდა საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა; დემოკრატიის უკუსვლა; ის, რომ საქართველომ არათუ ვერ შეძლო, ადეკვატურად შეესრულებინა წინა ანგარიშით გათვალისწინებული ანტიკორუფციული რეკომენდაციები, არამედ უკან დაიხია ცოტა ხნის წინ გატარებული რეფორმების გაუქმებით.

პრობლემად დასახელდა ის, რომ საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს მიანიჭა უვიზო მიმოსვლის უფლება; თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადები; ასევე ის, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის დაახლოებით 160 000 მოქალაქე საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად. „იზრდება შიში, რომ საქართველოში რუსული ყოფნა შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის ოპერაციებისთვის“, – წერია ანგარიშში.