პუტინის თქმით, ზელენსკის წერილში „უხეშობის ელემენტები“ დაინახა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის გაგზავნილი ღია წერილი „უხეშობის ელემენტებითაა“ დაწერილი.

განცხადება მან 5 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF-2026) პლენარულ სესიაზე გააკეთა.

„ეს წერილიც, რომლის შესახებაც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. ეს რა არის? ეს პირადი შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის გზაა თუ ისეთი ვითარების შექმნა, რომლის დროსაც, რეალურად, საერთოდ შეუძლებელია ყოველგვარი პირადი შეხვედრის გამართვა? მე ვფიქრობ, რომ ეს მეორეა“, – თქვა პუტინმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი პუტინისადმი ხუთშაბათს გამოქვეყნდა – ზელენსკიმ პუტინს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ცეცხლის შეწყვეტისა და პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. წერილში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არსებული დაპირისპირება პუტინის პირადი არჩევანია და არა გეოპოლიტიკური აუცილებლობა.

უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრაც შესთავაზა – შვეიცარიაში, თურქეთში ან არაბული სამყაროს ქვეყნებში. მისი თქმით, უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებების პერიოდში სრულად შეწყვიტოს ცეცხლი, რასაც აშშ მონიტორინგს გაუწევს.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ევროპა და აშშ უნდა ჩაერთონ. იგი ასევე მზადაა ტყვეების გაცვლისთვის. წერილში ზელენსკი ასევე საუბრობს გატაცებული ბავშვებისა და მოქალაქეების დაბრუნების აუცილებლობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ განაცხადა, რომ მას რუსეთს დიპლომატიური არხებითაც გადასცემდნენ. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მან უკვე მოასწრო წერილის გაცნობა.