მოსწავლეებისთვის სკოლებში იზღუდება ტელეფონების, ლეპტოპების, ჭკვიანი საათების გამოყენება

პუბლიკა

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად გაბისონიას ბრძანება სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი, სავალდებულო წესის შესახებ.

რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა და გავრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების ყველა მოსწავლეზე.

რა იცვლება მოსწავლეებისთვის?

ახალი წესის მიხედვით, სასწავლო პროცესის განმავლობაში (პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე, შესვენებების ჩათვლით) იკრძალება „ელექტრონული მოწყობილობების არამიზნობრივი გამოყენება“.

მოსწავლეები ვალდებულნი იქნებიან, პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მობილური ტელეფონები და „ჭკვიანი“ საათები გამორთულ მდგომარეობაში განათავსონ სპეციალურ სათავსებში.

პლანშეტებისა და ლეპტოპებს შენახვა შესაძლებელი იქნება ჩანთაში ან სკოლის მიერ გამოყოფილ სივრცეში, ასევე გამორთულ მდგომარეობაში.

ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მიზნობრივად და დროებით, კერძოდ: სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის (მასწავლებლის თანხმობით), ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, საგანგებო/გადაუდებელ სიტუაციებში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მქონე მოსწავლეებისთვის.

ვალდებულებები სკოლებისა და მშობლებისთვის

სკოლებს დაეკისრათ ვალდებულება, 2026 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელონ ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაო:

სკოლებმა უნდა უზრუნველყონ საკლასო ოთახებში მყარი, უსაფრთხო და საკეტიანი კარით აღჭურვილი ყუთების განთავსება, სადაც თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალური სექცია იქნება გამოყოფილი.

ახალი წესები უნდა აისახოს სკოლის შინაგანაწესში. ტელეფონების შენახვასა და დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირებს (დამრიგებელს ან დირექციის მიერ დანიშნულ პირს) ბრძანებით განსაზღვრავს დირექტორი.

სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის დასაწყისშივე გააცნოს წესი მშობლებს და მკაფიოდ განსაზღვროს ოფიციალური საკომუნიკაციო არხები (ტელეფონი, ელ-ფოსტა, საინფორმაციო სისტემები), რომელთა საშუალებითაც მშობელი საჭიროების შემთხვევაში შვილთან დაკავშირებას შეძლებს.

წესის დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, რომელიც განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისი სანქციები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, შეეხებათ როგორც წესის დამრღვევ მოსწავლეებს, ისე იმ სკოლებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.