ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს - ელისო ბოლქვაძე

პუბლიკა

პიანისტი და პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 32-ე ნომერი ელისო ბოლქვაძე წერილს აქვეყნებს.

ელისო ბოლქვაძე ღია წერილით „კონსერვატორების“ ლიდერს ზვიად ძიძგურს მიმართავს. მისი თქმით, ის ზვიად ძიძიგურის მიერ „ქართული ოცნების“ კრიტიკას პასუხობს.

„მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ.

იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება – დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას, “-წერს ელისო ბოლქვაძე.

ის ზვიად ძიძიგურს მიმართავს, რომ ის ხელწერას უწუნებს ბიძინა ივანიშვლილს, პიანისტი სწორედ ამ ხელწერამ მიყვანა „ქართულ ოცნებაში“.

„მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია – როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა.

სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ, ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?ჯერ ისევ 2020 წელია. ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რომლის პოლიტიზებასაც პირველი დღიდან ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება, “- წერს ელისო ბოლქვაძე.

ელისო ბოლქვაძის წერილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური Facebook გვერდი აზიარებს.