ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, საავტომობილო გვირაბში იარაღის გასროლის ფაქტზე პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში პოლიციამ 37 წლის პირი დააკავა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. უწყების თქმით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდებარე გვირაბში ტყვიის რამდენიმე მასრა დღეს, შუადღისას იპოვეს.