ივანიშვილმა დასაქმებაზე გუშინ სიღრმისეულად და მასშტაბურად ისაუბრა – წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის გუშინ „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ შეაფასა. მისი თქმით, გუშინ ივანიშვილმა დასვა კონკრეტული აქცენტები და მის სიტყვას „უფრო მეტი მნიშვნელობა და ჭრა აქვს“.

„ძალიან კარგია, რომ გუშინ ეს ინტერვიუ შედგა. ძალიან კონკრეტული აქცენტები დაისვა იქ, სადაც ამის საჭირო ადგილი იყო და ამას მისი მხრიდან, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მნიშვნელობა და ჭრა აქვს, ვიდრე იგივე თემები გაჟღერებული ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან ინტერვიუმდე, მათ შორის ჩემ მიერ“, – თქვა წულუკიანმა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ ინტერვიუ მთლიანად წარმოაჩენდა იმას, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დასაქმების საკითხზე ივანიშვილმა გუშინ სიღრმისეულად და მასშტაბურად ისაუბრა.

„ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეს არის ოკუპაცია, ეკონომიკური პრობლემები და ეს არის დასაქმება, რაზეც იყო სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი გუშინ ამ ინტერვიუს დროს“, – თქვა წულუკიანმა.

გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ემიგრანტებისა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული და პლუს, ქვეყნის შიგნით უმუშევარია. საქართველოში კი 2 მილიონ სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ამიტომ მოკლევადიან პერიოდში მას გამოსავლად ამ ადამიანების გადამზადება და საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმება ესახება.

ამაზე დავიწყეთ ძალიან აქტიურად მუშაობა, რომ რამდენიმე ასეული გერმანიაში ლეგალურად შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. ორ-სამ წელიწადში, პრინციპში ეს არის დალაგებადი – რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ და განათლების რეფორმასთან ერთად… განათლების რეფორმის პარალელურად, რომელშიც იგეგმება, რომ ჩვენ უამრავი პროფესიული სასწავლებელი უნდა გავხსნათ ყველა კუთხეში, რომ გადამზადება მოვახერხოთ ხალხის. ბევრი მიმართულებით, ჩვენ შიგნითაც აღარ გვყოფნის სამუშაო ძალა, რომ იცოდეთ.