ივანიშვილს არ სჭირდება დაცვა, გვჭირდება მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს მისწერა, არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მმართველობის სისტემის დაცვას სჭირდებოდა. კობახიძის თქმით, ივანიშვილს დაცვა არ სჭირდება.

„პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია მას. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა.

როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსების საქმე, ეს არის პრემიერის ღირსების საქმე და თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმე, რომ არავის არ მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება ჩვენს მმართველობის სისტემაზე.

აქ არის საუბარი მარტივ სიყალბეზე, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ქვეყანა იმართება არა კონსტიტუციური სისტემის საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს პრემიერი, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ. არამედ ოლიგარქიული პრინციპით, ეს არის ჩვეულებრივი „ფეიკი“ და ამ „ფეიკისგან“ გამიჯვნა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკომისიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა, რომელშიც 9 ივნისს საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე წერს. ღარიბაშვილი წერს, რომ რეზოლუცია „უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს“.

წერილში პრემიერი სთხოვს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ „მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას“.