ივლისიდან „ვიზეარი“ ფრენებს 6 ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენას 6 ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს.

„კომპანია უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – განაცხადა თურნავამ.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა 9 ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი. ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 153 ფრენა პირდაპირი რეგულარული რეისით შესრულდება. აქედან, 111 პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით, ხოლო 42 ცენტრალური აზიის მიმართულებით შესრულდება. ორივე ავიაკომპანია, როგორც „ვიზეარი“, ისე FLYARYSTAN ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონზე როგორც მიმართულებების, ისე სიხშირეების გაზრდას გეგმავს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.