იწყება მართლმსაჯულების აღსრულება - კულება პუტინის დაკავების ორდერზე

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმაურება. კულებამ მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება და წერს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.

„იწყება მართლმსაჯულების აღსრულება: მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გაიცა ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების [რუსეთში] ძალადობრივი გადაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, – წერს დმიტრო კულება.

ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.

უკრაინის გენერალური პროკურორი კი ამბობს, რომ პუტინი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვეღარ ჩავა, რადგან იქ მისი დაკავება მოუწევთ.

„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს მიღმა პუტინი უნდა დააკავონ და გადასცენ სასამართლოს. მსოფლიო ლიდერები სამგზის დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ ან დასხდებიან პუტინთან მოლაპარაკებებზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის და მთლიანად საერთაშორისო სამართლის სისტემისთვის“, – წერს ანდრეი კოსტინი.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.

სასამართლოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაზე. სავარაუდო დანაშაულებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სჩადიოდნენ.