იყო გონივრული ეჭვი, რომ საპარლამენტო აქტივობებისთვის ხელშეშლის მცდელობა იქნებოდა - პრესსამსახური გეგუჩაძეზე

პუბლიკა

„იყო გონივრული ეჭვი, რომ მომხდარიყო გარკვეული საპარლამენტო აქტივობებისთვის ხელშეშლის მცდელობა“, – „პუბლიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მარიამ გეგუჩაძის პარლამენტში არშეშვების ერთ-ერთ მიზეზად მის აქტივისტურ საქმიანობას ასახელებს.

„ზოგადად, პანდემიის პირობებში შევცვალეთ ჟურნალისტების პარლამენტში შემოსვლის რეჟიმი. თითოეული ტელეკომპანიიდან შემოდის 3 ჯგუფი – ეს არის ჟურნალისტი, ოპერატორი და ჩართვის თანამშრომელი, სულ 9 ადამიანი. პირველი [მიზეზი] ეს იყო. ასევე, მოგეხსენებათ, მარიამი არა მარტო ჟურნალისტია, არამედ პარალელურად გახლავთ სამოქალაქო აქტივისტიც. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. იმიტომ, რომ იყო გონივრული ეჭვი, რომ მომხდარიყო გარკვეული საპარლამენტო აქტივობების ხელშეშლის მცდელობა…

კონკრეტულად, ჩვენი დეპარტამენტი ემსახურება მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს და არა სამოქალაქო აქტივისტებს ან სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, იყო ეს უარი“, – განაცხადეს პრესსამსახურში.


მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი და „მთავარი არხის“ გადაცემა „ჩვენი ხმის“ წამყვანი მარიამ გეგუჩაძე ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა გადაცემის მოსამზადებლად სჭირდებოდა და დეპუტატებისთვის კითხვები უნდა დაესვა.

„მათი პასუხი იყო პირდაპირი, რომ ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, იმიტომ, რომ ვარ აქტივისტი, არ შემიშვებდნენ პარლამენტში, თითქოს შეიძლებოდა იქ მომეწყო ფლეშმობი”, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე „მთავარ არხთან“.

განცხადება გაავრცელა არხის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ეს არხის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და დისკრიმინაციაა.

კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ საქართველოს პარლამენტს ოფიციალური განმარტებისთვის მიმართავს. კოალიციაში მოითხოვენ განმარტებას, რატომ უთხრეს „მთავარი არხის“ წარმომადგენელს, მარიამ გეგუჩაძეს პარლამენტში შესვლაზე უარი.

„9 თებერვალს მარიამ გეგუჩაძეს უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და შეეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება. Ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის”, – ამბობენ კოალიციაში.