იყვირეთ, რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში – თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მისთვის მიუღებელია,   ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნა, ციხეში შესვლისა და 20 ივნისს დაკავებული პატიმრების მონახულების შესახებ, რადგან ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს.

„ქალბატონ ბოკუჩავას და ბატონ რატიანს, რომლებიც დღეს გამომიჩნდნენ აქ დიდი უფლებადამცველები და თუ არ აქვთ უფლება ციხეში შესვლის, ეს არ ნიშნავს, რომ პატიმრები არიან მონიტორინგის გარეშე“, – თქვა თალაკვაძემ.

დღეს ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში გაგზავნეს რამდენიმე წერილი, რომლითაც მოითხოვდნენ ციხეში შესვლას და 20 ივნისთან დაკავშირებული პატიმრების მონახულებას, თუმცა ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხიც არ მიუღია. ამ თემის განხილვას სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ფურცლები დაუხია.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის საბჭოს წამების კომიტეტის დასკვნებს ხვდებოდნენ სრული იგნორირებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს, არც ერთი გარდაცვლილი ადამიანის, არც ერთი ნაწამები ადამიანის არა თუ მათ მშობლებთან შეხვედრით, მათი ბედითა და საკითხით არ დაინტერესებულან“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, მათ მოთხოვნაზე უარის თქმა, არის მისი უფლება.

„პატიმრების მონახულებისა და სასჯელაღსრულებაში  შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს დისკრეციულად.

შესაბამისად, დღეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს უფლება, შევიდეს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – თქვა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში.

„იყვირეთ, რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში. გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან და დარბაზიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩია, თუ ფიქრობენ, რაიმე პრობლემა აქვს რომელიმე პატიმარს, მაშინ შეუძლიათ, მიმართონ სახალხო დამცველს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოინახულოს პატიმრები.

ოპოზიციის წარმომადგენლები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის გიორგი რურუასა და 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებულების მონახულება სურდათ, რისი უფლებაც პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა.