იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაზე მთავრობა ცესკოსთან ერთად მუშაობს - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაზე მთავრობა ცესკოსთან ერთად მუშაობს. ხოლო, საავადმყოფოში მყოფი ამომრჩევლები, გახარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვერ მისცემენ.

„დღეს ქვეყანაში იზოლაციაში ადამიანების დიდი რაოდენობა არ არის. ეს საკითხი, ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ახლა ვზრუნავთ და ვმუშაობთ ცესკოსთან ერთად. გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება და მოგახსენებთ.

საავადმყოფოში მყოფი ადამიანებისთვის კი არაფერი არ იცვლება. შარშან და შარშანწინ არჩევნების დროსაც საავადმყოფოებში ყოველთვის ვიღაცა იყო. ახლა აქ, ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, რომ ინფიცირებულების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა სტაციონარში ჯერ არ გვყვავს“, – აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საკარანტინე სივრცეებში არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდეს, გახარია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება კარანტინშიც და თვითიზოლაციაში.