„იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი" - საგანგებო მოსახლეობას აფრთხილებს

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომატებული ტემპერატურის გამო, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი. უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს”, – ნათქვამია განცხადებაში.