ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

პუბლიკა

ხვალ, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში სრულდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, საბოლოო სიტყვით გამოვიდნენ ბრალდებულები.


ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია მოახდინეს.

დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც.