ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების რისკზე საუბრობენ

ვასკა მათითაიშვილი

ჩინეთში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების პარალელურად, ინფექციური დაავადებების წამყვანი ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი, ირა ლონგინი  აცხადებს, რომ ვითარება შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუარესდეს – ვირუსით შეიძლება, მსოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი დაინფიცირდეს. მისივე შეფასებით, ვირუსი მილიარდობით ადამიანს შეიძლება შეეყაროს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 60 000-ს არ აჭარბებს. მასალას კორონავირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ამ მაჩვენებლამდე თუ გაიზარდა, ჩინეთის მიერ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დღემდე გამოყენებული სტრატეგია შესაძლოა, უიმედო აღმოჩნდეს. მათ შორის – კარანტინი, რომელშიც ამ დრომდე ათეულობით მილიონი ადამიანი იმყოფება.

ლონგინის თქმით, კარანტინმა შესაძლოა, ვირუსის გავრცელება შეანელოს, თუმცა ვირუსი ჩინეთშიც და მის მიღმაც მანამდე გავრცელდა, სანამ კარანტინს გამოიყენებდნენ. ჩინეთმა სამშაბათს ინფიცირების 15 000-მდე ახალი შემთხვევა გამოავლინა, მას მერე, რაც დიაგნოსტირების მეთოდები გააფართოვა.

ლონგინის ვარაუდი ემყარება მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, თითოეულ ინფიცირებულს ვირუსის ორ-სამ ადამიანზე გადადება შეუძლია. ის აცხადებს, რომ სწრაფი ტესტების ნაკლებობა და ინფექციის სუსტი, ასიმპტომატური ფორმები ვირუსის გამოვლენას ართულებს.

ვირუსის გადადების ინტენსივობის განახევრების შემთხვევაშიც კი, ლონგინის ვარაუდით, მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი შესაძლოა, ვირუსით მაინც დაინფიცირდეს.

„სანამ გადადების ინტენსივობა შეიცვლება, ვირუსის გავრცელების შეკავება უკეთეს შედეგს ვერ მოგვცემს“, – განაცხადა ლონგინიმ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჟენევის სათავო ოფისში ინტერვიუს დროს, – „ინფიცირებულთა იზოლაცია და კარანტინი ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს“.

ლონგინი არ არის ერთადერთი, ვინც ვირუსის უფრო მასშტაბურად გავრცელების საფრთხის  შესახებ იუწყება. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევრის, ნილ ფერგიუსონის შეფასებით, ჩინეთში ვირუსით ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა, 50 000-მდე გაიზარდოს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში, გაბრიელ ლიუნგი, ასევე ვარაუდობს, რომ ვირუსით შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაინფიცირდეს იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების შემთხვევები დროულად არ გამოვლინდება.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორის (ინფექციური დაავადებების მიმართულებით), დევიდ ჰეიმანის განცხადებით, მეტი მონაცემები უნდა შემუშავდეს საიმისოდ, რომ უკეთესი ხედვა გაჩნდეს ვირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით. „ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს ჩინეთს გარეთ, რომლებმაც წარმატებით შეძლეს ეპიდაფეთქების თავიდან აცილება“.

„მე არ ვამბობ, რომ ისინი ცდებიან“, – აცხადებს ჰეიმანი ლიუნგისა და ლონგინის გამოთვლების შესახებ, – „მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მოდელი უფრო და უფრო დაიხვეწება მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაცია გამოვა დღის სინათლეზე“.