ჯანდაცვის მინისტრად პრემიერმა ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

„დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი მენეჯერი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი მოსახელობის წინაშე არის და მე მინდა ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის ხუთი შვილის მამა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. მანამდე კი თბილავიამშენის გენერალური დირექტორი.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე იკავებდა. მან 9 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოს მინისტრის პოსტს დატოვებდა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გადაინაცვლებდა.