ჯანდაცვის მუშაკების 13.3% მიიჩნევს, რომ ზიარების დროს ვირუსის გადაცემა არ ხდება - DRG-ის გამოკითხვა

პუბლიკა

მონაცემთა კვლევის ჯგუფის (DRG) ჩატარებული ინტერნეტ-გამოკითხვის მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკების 13.3% მიიჩნევს, რომ ზიარების დროს ვირუსის გადაცემა არ ხდება, ხოლო 22.5%-მა არ იცის, ამ გზით ვირუსი გადაეცემა თუ არა. ეს მაჩვენებლები მცირედით ჩამორჩება სხვა პროფესიის ადამიანებისას.

ასევე, ზოგადად გამოკითულთა 83% ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებთან შეხებით, მხოლოდ 60% ფიქრობს, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ზიარების დროს.

გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტთა დიდი ნაწილი – 87.1% არ აპირებს სააღდგომო წირვაზე დასწრებას, 7.5% აპირებდა, მაგრამ ხელი შეუშალა გამკაცრებულმა რეგულაციებმა. ხოლო გამოკითხულთა 4.6% დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას მაინც გეგმავს.

რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც გამოიკითხნენ, რეგულაციების მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას მათი 2%-იც აპირებს. 6% კი აპირებდა წირვაზე დასწრებას და ხელი შეუშალა რეგულაციებმა.

DRG-ის გამოკითხვაში მონაწილეთა 74.3% ფიქრობს, რომ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ეკლესიებში თავშეყრის საკითხს.

ხოლო გამოკითხვაში მონაწილეთა 62.4%-მა დააფიქსირა, რომ ყოველთვის იცავს ფიზიკურ დისტანციას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 18.6%-ის აზრით, შეძლებისდაგვარად იცავს, 18.1% არ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო 0.9% არ იცავს ფიზიკურ დისტანციას.

„რეგულაციების შემოღებამდე ჯგუფურად (მაგ: ოჯახის/სანათესაოს რამდენიმე წევრთან ერთად) სასაფლაოზე გასვლას გეგმავდა თითქმის ერთი მესამედი (29.3%)“, – წერს DRG.

მონაცემთა კვლევის ჯგუფმა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე  ინტერნეტგამოკითხვა კლინიკა „ნეოლაბის“ დაკვეთით 17 აპრილს ჩაატარა და დღეს ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. DRG-ის ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1469 ადამიანმა. მონაცემები შესაძლოა, არარეპრეზენტატული იყოს.