ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ჩვენი ექსპერტთა ჩართვა გვთხოვა - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის აპარატს ჯანდაცვის მინისტრმა  მიმართა და მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა.

„სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში განხორციელდება.