„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე განცხადებას ავრცელებს.
ჯანელიძის განმარტებით, ერთი მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მეორე მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.
„შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, – წერს მიხეილ ჯანელიძე სარკასტულად.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.