ჯანმოს ექსპერტებმა საქართველოში გარდაცვლილი ექთნის შესახებ კითხვებს უპასუხეს

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკისგან გამოწვეული გართულებით გარდაცვლილი ექთნის შესახებ.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ასისტენტმა მარიანჯელა სიმაომ განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ამბავია, თუმცა გართულებულ შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის შესაძლოა იყოს მხოლოდ ძალიან მცირე კავშირი.

„ექთნის გარდაცვალება ძალიან სამწუხარო ამბავია. თუმცა, ჩვენ გვქონდა ძალიან ვრცელი მიმოხილვა ყველა იმ სიკვდილის შემთხვევისა, რომელსაც ვაქცინას უკავშირებდნენ. ჩვენ ასევე გვქონდა ვრცელი მიმოხილვა იმ გართულებული შემთხვევების შესახებ, რომელიც თითქოსდა AstraZeneca-ს ვაქცინას უკავშირდებოდა.

ეს შემთხვევები არამარტო ჯანმომ, არამედ ევროპის წამლის სააგენტომაც დეტალურად მოიკვლია. შეამოწმეს ყველა პაციენტი, ყველა შემთხვევა და ვერ მოიძებნა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება. მათი დასკვნით, გართულებულ შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის შესაძლოა იყოს მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირე კავშირი. ჩვენ ვსაუბრობთ მილიონში ერთ ან ორ შემთხვევაზე, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ ვაქცინას.

რისკი გაცილებით მაღალია თავად ინფექციის გავრცელებაში, რომელმაც მსოფლიოში უკვე 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ასე რომ, ჩვენი დასკვნით ვაქცინაციის რისკს, რომელიც მას, რა თქმა უნდა, ახლავს გვერდითი ეფექტების სახით, გაცილებით აღემატება მისი დადებითი შედეგები.

ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ გაანაახლონ ნდობა ვაქცინაციისადმი. ვაქცინაცია კარგია და მას აქვს ძალიან დიდი დადებითი როლი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შეჩერებაში, “- განაცხადა მან.

ამ საკითხზე ისაუბრა ასევე,  ჯანმოს უფროსმა მეცნიერმა სუმია სვამინათანიმ. ის ამბობს, რომ ეს არის იშვიათი შემთხვევა, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს, საშუალოდ 2-4 მილიონ აცრას შორის.

„რამდენადაც ვიცით, ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც იშვიათია. თუმცა, ის ფიქსირდება სხვა ვაქცინებშიც, მათ შორის, იმ ვაქცინებშიც, რომლებიც რნმ-ზეა შექმნილი და ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, აშშ-ის ჩათვლით. ეს არის იშვიათი შემთხვევა, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაფიქსირდეს, საშუალოდ 2-4 მილიონ აცრას შორის.

რისკების მინიმიზაციისთვის ჩვენი რჩევაა, რომ ვაქცინაცია ტარდებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არიან ექიმები და არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ანაფილაქსიური შოკის სამართავად. ამ შემთხვევების მართვა კი შესაძლებელია, თუკი კლინიკას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა.

ასევე, აცრის შემდეგ საჭიროა 30 წუთით დაკვირვება ყველა მოქალაქეზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ჰქონია წარსულში ანაფილაქსიის შემთხვევა. აუცილებელია სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეს მათ აცრის შემდეგ, “- განაცხადა მან.

მეცნიერმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ ეს ხდება ძალიან იშვიათად და ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით აღემატება იმ რისკებს, რაც მას ახლავს.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.