მოსკოვის თქმით, რუსი გენერლის აფეთქების ბრალდებით „უკრაინის ჯაშუში" დააკავეს

პუბლიკა

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსკოვთან რუსი გენერლის აფეთქებაზე პასუხისმგებელი „უკრაინის სპეცსამსახურის ჯაშუში” დააკავეს. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ბრალდებულია იგნატ კუზინი.

მანამდე კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ კიევი „აგრძელებს ტერორისტულ საქმიანობას ქვეყნის ტერიტორიაზე”.

„კიევის რეჟიმი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის რეალურ ბუნებას. კიევის რეჟიმი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობას”, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

25 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ გრუ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, იაროსლავ მოსკალიკი მოკლეს.

მოსკალიკს 2021 წელს პუტინმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.

როგორც მანამდე Telegram-ის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ბომბი მოსკოვის ოლქში, ბალაშიხაში, სახლის ეზოში მდგარ მანქანაში დისტანციურად აფეთქდა მაშინ, როდესაც მოსკალიკმა, რომელიც იქ ცხოვრობდა, ახლოს ჩაუარა.