„ჯარების გაყვანით“ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინის შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის დაპირება შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსეთი განაგრძობს სამხედრო ძალების გაყვანას კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებიდან. რუსეთი კი აცხადებს, რომ ახლა ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ დონბასში მიმდინარე ოპერაციებზე.

უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე წერს, რომ „ე.წ. ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, სინამდვილეში ცალკეული დანაყოფების როტაციაა და მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას“ და თავიანთ სამხედრო განლაგებაზე ყალბი წარმოდგენის შექმნას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დონეცკის მახლობლად, აღმოსავლეთით ცეცხლი არ შეწყვეტილა.

გუშინ მსგავსი განცხადება გააკეთა პენტაგონმაც. პრესმდიცანმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსული ჯარების „მცირე რაოდენობა“ დაშორდა კიევს, თუმცა კვლავ შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ უკრაინას და მათ შორის კიევს.