„ჯარის გადავადების საქმეზე“ ხელვაჩაურის სამხედრო აღრიცხვის უფროსიც დააკავეს

პუბლიკა

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თენგიზ ქიქავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმე სამხედრო სავალდებულო სამსახურის არაოფიციალურად გადავადებას ეხება, რის გამოც ორი პირი უკვე დაკავებულია.

სუსის ცნობით, თენგიზ ქიქავას ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი დაუკავშირდა და მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა.

სუსის მიხედვით, ისინი შეთანხმდნენ და შუამავალი პირის დახმარებით, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 1 500 ლარი. აღებული თანხიდან 500 ლარი ოზურგეთის სამხედრო აღრიცხვის ყოფილმა უფროსმა თენგიზ ქიქავას გადასცა, 200 ლარი კი შუამავალ პირს, ხოლო 800 ლარი თავად დაიტოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სამივე პირი დაკავებულია. თენგიზ ქიქავას 2022 წლის 11 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ქვეპუნქტით და 25-338-ე მუხლებით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

LB loan image desktop LB loan image mobile