„ჯერ არ ღირს უკან დაბრუნება“ - ბელგოროდის გუბერნატორი ევაკუირებულ მოსახლეობას

პუბლიკა

ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე ევაკუირებულ მოსახლეობას მიმართავს, რომ „ჯერ შინ დაბრუნება არ ღირს, როცა უსაფრთხო იქნება, შეგატყობინებთ“.

მისივე თქმით, „კონტრტერორისტული ოპერაცია“ ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „გრძელდება ძალოვან სტრუქტურებთან ერთად ტერიტორიის გაწმენდა“.

მისივე თქმით, გუშინ ევაკუაციის დროს 1941 წელს დაბადებული ქალი დაიღუპა, ორი დაჭრილი მოქალაქის ევაკუირება კი ვერ ხერხდება. გლადკოვი აცხადებს, რომ ცნობები სხვა სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ არ არსებობს.

ორშაბათს, 22 მაისს რუსეთმა განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ მთავრობა აკვირდება სიტუაციას, მაგრამ „ამასთან არაფერი აქვს საერთო“.


უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდასხმის უკან „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსი მოხალისეების კორპუსი“ დგას – ორივე გაერთიანება რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ Twitter-ზე წერს, რომ „სრულად გაათავისუფლა“ სასაზღვრო ქალაქი კოზინკა და მიაღწიეს აღმოსავლეთით გრაივორონის რაიონულ ცენტრამდე.

„გააგრძელეთ. რუსეთი თავისუფალი იქნება!“, – წერს ლეგიონი.

ორშაბათს ამავე ჯგუფმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ხუთი მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი – „ჩვენც თქვენნაირი რუსები ვართ. ჩვენც თქვენნაირი ხალხი ვართ. გვინდა, რომ ჩვენი შვილები მშვიდად გაიზარდონ… დროა ბოლო მოეღოს კრემლის დიქტატურას“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.