რეგისტრაცია ჯერ დაახარვეზეს, შემდეგ განუხილველად დატოვეს | რას აპირებს „ჯერ საქართველო"

პუბლიკა

საჯარო რეესტრმა „ჯერ საქართველოს” პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი „განუხილველად დატოვა”.

რა ვიცით

„ჯერ საქართველომ” პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 28 ივნისს გამართა, რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 ივლისს მიმართეს, წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტებიც.

31 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა გადაწყვეტილება, სადაც წერენ, რომ  „სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა რეგისტრაციის პირობებს”.

არგუმენტად სააგენტომ 8 გარემოებაზე მიუთითა. მათ შორის იყო ტექნიკურ-რედაქციული საკითხები, კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანი სხვა ჩანაწერები, სააგენტოს შენიშვნები ჰქონდა წარდგენილ სიასთან, ასევე წესდებასთან დაკავშირებით და ა.შ.

განხილვის შეჩერების აღმოსაფხვრელად ვიქტორ ყიფიანმა რეესტრს დამატებითი დოკუმენტები 3 და 7 აგვისტოს წარუდგინა.

17 აგვისტოს კი რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

სააგენტო წერს, რომ დამატებით წარდგენილი  დოკუმენტაციით, სრულად არ აღმოიფხვრა მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზები.

„ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, […] საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა განუხილველად იქნეს დატოვებული განცხადება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ჯერ საქართველო“ რეგისტრაციის თაობაზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის „ჯერ საქართველოს” 30 დღე აქვს – ჯერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.

რას აპირებს „ჯერ საქართველო”

„პუბლიკასთან” საუბრისას „ჯერ საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე ამბობს, რომ რეესტრის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

შარაშენიძის თქმით, საკიტხის მიმართ გარკვეული პოლიტიკური მდგენელი რომ არსებობს, ეს ცხადია, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესს სამართლებრივი საფეხურების დაცვით მიჰყვებიან.

„30-დღიანი ვადა არის და რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ… თან გვინდა, რომ წარგვიდგინონ დასაბუთება – რის საფუძველზე დატოვეს ჩვენი განცხადება განუხილველი. აი, ასე მშრალად მოგვიგეს პასუხი, რომ ჩავთვალეთ, რომ ხარვეზები არ არის აღმოფხვრილიო; ჩვენ კი ვამბობთ, რომ ძალიანაც აღმოფხვრილია.

მაგრამ შევხედავთ, გავყვებით ტექნიკურ პროცესს და შემდგომ უკვე დასაბუთების მიხედვით, გადავწყვეტთ – რა მსვლელობა მივცეთ”, – ამბობს ის.

შარაშენიძე დასძენს, რომ არ გამორიცხავენ ტექნიკური ყრილობის ჩატარებას, ასევე არც სასამართლოსთვის მიმართვას.

„არ გამოვრიცხავ, რომ ტექნიკური ყრილობაც ჩავატაროთ, ისევე, როგორც არ გამოვრიცხავ, რომ წავიდეთ სასამართლოში, დამოკიდებულია დასაბუთებაზე.

გარკვეული პოლიტიკური მდგენელი აქ რომ არსებობს, ამაზე ორი აზრი არ არის, ცხადია, უბრალოდ, ესე მოთმინებით და რუდუნებით მივყვებით პროცესს…

…თქვენ თავად იცით, ვინ არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და წესდებას რამენაირად დავწერდით სამართლებრივად… თუმცა ახლა გვინდა მოვსინჯოთ, ეს პოლიტიკური ნება თავზეგასულობის რა ზღვარს ეხება და, რაც მთავარია, მივიღოთ დასაბუთება. დასაბუთებით გადავწყვეტთ უკვე, რომ ამათთან აზრი არ აქვს და მოდი, კიდევ ერთი ტექნიკური ყრილობით ვცადოთ. თუ არანაირ ტექნიკურ ყრილობას აზრი არ ექნება და წავალთ სასამართლოში”, – ამბობს შარაშენიძე.

ვინ არის „ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე

„ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ახლა უკვე თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი იურიდიული კომპანია „MKD Law-ის“ უფროსი პარტნიორი და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა.

წლების განმავლობაში ის საერთაშორისო დავებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იყო. 2023 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატი აღარ იყო.

ამ პერიოდში ყიფიანმა „რუსული კანონის“ ინიციირება გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ის კრიტიკული განცხადების გაკეთებამდე უკვე აღარ იყო ივანიშვილის ადვოკატი. „ქართული ოცნების“ წევრებმა განცხადებებიც გააკეთეს იმაზე, რომ რუსული კანონი ყიფიანს თავად ეხებოდა და მისი კრიტიკული განცხადებები ამან გამოიწვია.