ჯიღაურაში ბეტონის საწარმოში სამართალდარღვევები გამოიკვეთა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

პუბლიკა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, შემოწმების შედეგად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მოქმედ ბეტონის დამამზადებელ საწარმოში სამართალდარღვევები გამოიკვეთა.

გაუმართავი აღმოჩნდა საწარმოში დამონტაჟებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა, საიდანაც ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რაც ვიზუალური დაკვირვებითაც ფიქსირდება. უწყების განცხადებით, ატოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბება დადასტურდა შესაბამისი ექსპრეს გაზომვებით.

„ასევე დადგინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოა“, – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის 1 და მე-5 ნაწილით და 78-ე მუხლის 1 ნაწილით.

„აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული ჯერ არ არის და სხვა სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება დამატებით მოხდება“, – აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ადგილობრივები არაერთი თვეა ბეტონის საწარმოს მუშაობას აპროტესტებენ და ჩივიან, რომ საწარმო წესების დარღვევით ფუნქციონირებს.