ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ჯო ბაიდენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა ექიმს შარდვის გაუარესებული სიმპტომების გამო მიმართა, რის შემდეგაც პარასკევს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებას მაღალი გლისონის ქულა (9/10) აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები სწრაფად ვრცელდება.
ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად სიმსივნის აგრესიული ფორმისა, დაავადება ჰორმონებისადმი მგრძნობიარეა, რაც ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა.
ჯო ბაიდენის დიაგნოზს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის და პირველი ლედი მელანია მწუხარებას გამოთქვამენ ჯო ბაიდენის დიაგნოზის გამო და მის ოჯახს თბილ და საუკეთო სურვილებს უგზავნიან, ბაიდენს კი სწრაფად და წარმატებით გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – დაწერა ტრამპმა.
დიაგნოზის გავრცელების შემდეგ ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა კამალა ჰარისმაც და მას „მებრძოლი” უწოდა. მხარდაჭერის წერილი გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც.