ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილი პოლიციელი აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დამნაშვედ ცნეს. შოვინი ჯორჯ ფლოიდს მუხლით ყელის არში 9 წუთზე მეტ ხანს აწვებოდა. დაკავებისას ფლოიდი დაიღუპა.

აშშ-ის ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, რომელსაც ამერიკაში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, სასამართლომ განაჩენი ფლოიდის დაკავების ვიდეოს გავრცელებიდან 11 თვის შემდეგ გამოიტანა.

12 ნაფიცი მსაჯულისგან შემდგარი სასამართლო 10 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა შოვინის განაჩენზე. საბოლოოდ, მათ ყოფილი პოლიციელი მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

დერეკ შოვინს მეორე ხარისხის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, მესამე ხარისხის განზრახ მკვლელობა და მეორე ხარისხის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შესახებ ბრალდება შოვინს ფლოიდზე მუხლით დაწოლის გამო წაუყენეს, რის შედეგადაც ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. განზრახ მკვლელობის ბრალდება გულისხმობდა, რომ შოვინის მოქმედება დაკავებისას წინასწარ განზრახული იყო, ხოლო მკვლელობის ბრალდებაში ნათქვამია, რომ ყოფილი პოლიციელის გულგრილობამ დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია.

დერეკ შოვინის სასჯელის ზომა 8 კვირის ვადაში გამოცხადდება, თუმცა დამამძიმებელი გარემოებების გამო, ვარაუდობენ, რომ ყოფილი პოლიციელის მიმართ სასჯელის ზომაც მკაცრი იქნება.