„ჯორჯიან ეარვეისმა“ 12 ოქტომბერს თელ ავივი-თბილისის დამატებითი რეისი დანიშნა, ბილეთის ფასი 800 ლარია

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებით, ისრაელიდან 12 ოქტომბერს დამატებითი რეისი დაინიშნება. ისრაელის დროით 17:40 საათზე.

ბილეთები კომპანიის ვებგვერდზე იყიდება, ამ დროის მონაცემებით, 12 ოქტომბრის ბილეთის ფასი 800 ლარს აღემატება და დარჩენილია მხოლოდ 9 ბილეთი.

დამატებითი რეისი, ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 11 ოქტომბერსაცაა დანიშნული. რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

„ჯორჯიან ეარვესის“ ვებგვერდზე  ისრაელიდან თბილისის მიმართულებით ასევე იყიდება 2000-ლარიანი ბილეთებიც, რასაც საზოგადოების მხრიდან მოჰყვა რეაქცია, რომ კომპანია ხელოვნურად ზრდიდა ბილეთის ფასს, მოგვიანებით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც დაწერა, რომ ავიაკომპანია „ამ მძიმე ვითარებაში, ნაცვლად ფასების ზრდისა, უნდა ეხმარებოდეს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში”.

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ბილეთის ფასის ხელოვნურად გაზრდა უარყო და განმარტეს, რომ ბილეთები, რომლის ფასიც 2000 ლარს აღემატებოდა, იყო ბიზნესკლასის, რომელსაც მანამდეც იგივე ფასი ჰქონდა.