ზურაბიშვილი: ფრენებზე ფასების გაზრდის ნაცვლად, დაეხმარეთ მოქალაქეებს დაბრუნებაში

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებმა ფრენებზე ფასები ხელოვნურად არ უნდა გაზარდონ და მძიმე ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარონ.

ასე ზურაბიშვილი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისზე” გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ თელ ავივიდან თბილისისკენ ფრენის ფასი გაზარდა.

„ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე, დღეს 9 ოქტომბრის ბილეთის ფასი აღემატებოდა 2 000 ლარს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა” ბილეთის ფასის გაზრდა უარყო. გავრცელებულ განცხადებაში ავიაკომპანიამ დაწერა, რომ ბილეთები, რომელიც საიტზე ჩანდა და, რომლის ფასიც აღემატებოდა 2 000 ლარს იყო ბიზნეს კლასის ბილეთი, რომლის ფასიც არ შეცვლილა.

„სოც.ქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა. უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე”, – ვკითხულობთ „ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაში.

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება ისრაელში საქართველოს ელჩმაც გაავცელა. ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ დამატებითი რეისი 11 ოქტომბერს ჩაინიშნა. ბილეთების ყიდვა კი მოქალაქეებს „შეუძლიათ ინტერნეტით”.

„საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც”, – წერს ლაშა ჟვანია, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.