ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნებში „დემოკრატები“ ლიდერობენ

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატზე კონტროლი შესაძლოა, „დემოკრატებმა“ მოიპოვონ. 5 იანვარს ჯორჯიის შტატში სენატში 2 ადგილის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური გაიმართა და ხმებს ამ წუთებში ითვლიან. The New York Times-ის მიხედვით, „დემოკრატების“ ერთ-ერთმა სენატორობის კანდიდატმა რაფაელ უორნოკმა გამარჯვება მოახერხა და მოქმედი სენატორი კელი ლიოფლერი დაამარცხა. რაფაელ უორნოკი პირველი აფროამერიკელი სენატორი იქნება ამ შტატიდან.

შტატის კვოტით სენატში დასაკავებელი მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება, თუმცა, The New York Times-ის მიხედვით,  ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ აქაც „დემოკრატები“ ლიდერობენ. ჯონ ოსოფს ამ დროისთვის ხმების 50.19% აქვს მიღებული და დაახლოებით, 16 000 ხმით უსწრებს „რესპუბლიკელების“ კანდიდატს დევიდ პერდიუს.

მართალია, სენატში კანონპროექტების ნაწილის მისაღებად 60 ხმაა საჭირო და „დემოკრატებს“ „რესპუბლიკელებთან“ ერთად მუშაობაც მოუწევთ, მაგრამ ჯორჯიის შტატში გამარჯვებით სენატზე კონტროლი ოფიციალურად მათ ექნებათ, რაც გარკვეულ უპირატესობებს მიანიჭებთ.

იმ შემთხვევაში, თუკი ჯორჯიის შტატში სენატორობისთვის გამართულ არჩევნებს „დემოკრატები“ მოიგებენ, კონგრესის ზედა პალატაში ადგილები შუაზე გაიყოფა და ორივე პარტიას 50 სენატორი ეყოლება. ხოლო ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ექნება, რომელიც ასევე „დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს.

გარდა ამისა, დემოკრატები გააკონტროლებენ სენატის დღის წესრიგს და უმრავლესობის ლიდერი, ნიუ-იორკის „დემოკრატი“ სენატორი ჩაკ შუმერი გახდება. ასევე, „დემოკრატებს“ შესაძლებლობა მიეცემათ, დაამტკიცონ ყველა დონის ფედერალური მოსამართლე, მათ შორის უმაღლეს სასამართლოში.

სენატზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, „დემოკრატები“ 11 წლის შემდეგ შეძლებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის გაკონტროლებას.