5-წლიანი პატიმრობის შემდეგ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა. ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მან გაავრცელა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები.
ამით ასანჟთან დაკავშირებული 14-წლიანი სამართლებრივი დავა დასრულდა. ის უკვე ავსტრალიაში – თავის სამშობლოში გაემგზავრა.
52 წლის ჯულიან ასანჟმა 2006 წელს დააფუძნა WikiLeaks – ორგანიზაცია, რომელიც არასაჯარო გაჟონილ დოკუმენტებს აქვეყნებდა.
2010 წელს მან გამოაქვეყნა აშშ-ის ჯართან დაკავშირებული, საიდუმლოდ კლასიფიცირებული ათასობით დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ომს ავღანეთსა და ერაყში. ეს უსაფრთხოების ყველაზე დიდი დარღვევა იყო აშშ-ის სამხედრო ისტორიაში.
700 000-ზე გავრცელებული მეტი დოკუმენტი მოიცავდა დიპლომატიურ დოკუმენტებს და ბრძოლის ველის ანგარიშებს. მათ შორის იყო, 2007 წელს აშშ-ს აპაჩის ვერტმფრენიდან ერაყში მეამბოხეებისთვის ცეცხლის გახსნის ვიდეოს – სროლის შედეგად დაიღუპა ათეული ადამიანი, მათ შორის Reuters-ის ორი თანამშრომელი.
ჯულიან ასანჟს ბრალი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ჯაშუშობის აქტის ფარგლებში წარუდგინეს ამერიკელ ყოფილ სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოს ჩელსი მენინგთან ერთად.
ასანჟის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მისთვის ბრალდება არ უნდა იყოს წარდგენილი იმ მუხლებით, რომლებსაც, როგორც წესი, იმ საჯარო მოხელეების მიმართ იყენებენ, რომლებიც იპარავენ და ავრცელებენ ინფორმაციებს.
ასევე, პრესის თავისუფლების დამცველთა ნაწილი აკრიტიკებს ასანჟის გამტყუნებას და ამბობს, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებისთვის.
„საპროცესო შეთანხმება თავიდან აგვაცილებს ყველაზე უარეს სცენარს პრესის თავისუფლებისთვის. მაგრამ ეს შეთანხმება ასევე მიანიშნებს, რომ ჯულიან ასანჟი სამართლიანად იხდიდა სასჯელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიურად ეწევიან.
ჯულიან ასანჟი პირველად 2010 წელს, ევროპული ორდერით დააკავეს მას შემდეგ, რაც შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ სურდათ მისი დაკითხვა სექსუალური დანაშაულის შესახებ ბრალდებების გამო. ეს ბრალდებები მოგვიანებით გაუქმდა. ჯულიან ასანჟმა ლონდონის ეკვადორის საელჩოს მიმართა და იქ შვიდი წელი ლტოლვილის სტატუსით გაატარა. ასანჟი ამით შვედეთში ექსტრადიციას თავიდან ირიდებდა.
ის საელჩოდან 2019 წელს გაიყვანეს და გირაოს გადაუხდელობისთვის დააპატიმრეს. მას შემდეგ ის ლონდონის ბელმარშის უმაღლესი დაცვის ციხეში იმყოფებოდა და აშშ-ში ექსტრადირების თავის არიდებისთვის იბრძოდა.