ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი (“რედაქციაში წერილი მოვიდა”, “ცარიელ დარბაზში”, “სპექტაკლის შემდეგ”, “სტუდია-5”, “ჩვენი მისამართია” და სხვ.).

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.