კაბუს ბრალი სამი მუხლით წარედგინა, მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

გენერალურმა პროკურატურამ მსახიობსა და მომღერალს, კახა აბუაშვილს (კაბუს) ბრალი სამი მუხლით წარუდგინა მას ბრალდების მხარე ქალის მიმართ ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

„25 ნოემბერს თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს“, ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებას“.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მას ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ბრალი 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარედგინილი, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.