კაჩინსკის გასვენებაში ვიყავი და ამისთვის აპირებენ, 11 წელი მომისაჯონ - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმის მორიგი განხილვა გაიმართა.

სხდომაზე სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდად საქმეში ჩადებულია მისი ჩასვლა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე.

„რამდენიმე დღის წინ ბათუმში გაიხსნა ჩემი ახლო მეგობრის, ალბათ, ყველაზე ახლო მეგობრის, რომელიც მყავდა პოლიტიკაში, ლეხ კაჩინსკის ძეგლი.

დღემდე ყველა პოლონელს ახსოვს, როგორ ჩავედი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში. მე ვიყავი ერთადერთი არა ოჯახის წევრი, ვინც დაესწრო უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიალს… ეს ეპიზოდი ჩადებულია პიჯაკების საქმეში და ამისთვისაც აპირებენ, 11 წელი მომისაჯონ. ამაზე მეტი აბსურდის თეატრი იშვიათად უნახავს ვინმეს. ძეგლს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო, მთელმა პოლონეთმა იცის ეს ამბავი, აპირებენ, გამიგრძელონ ვადა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ რეპლიკა მოითხოვა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა იცრუა.

„ის პოზიცია, რომელიც ბრალდებულმა გააჟღერა, თითქოს ჩვენ ვედავებით ლეხ კაჩინსკის სამძიმარზე ჩასვლის ხარჯს, არის სიცრუე და ტყუილი. ბრალდებული იყენებს მისთვის დამახასიათებელ ტექნიკას, რომ აქამდე გაუგონარი ტყუილი თქვას და ამით ცდილობს დააჯეროს საზოგადოების ნაწილი“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის რეპლიკას ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის განცხადება მოჰყვა, გრძნობდა თუ არა უხერხულობას პროკურორი, შემდეგ კი პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ მოსამართლეს ადვოკატისთვის შენიშვნის მიცემისკენ მოუწოდა.

მცირე ხმაურის შემდეგ საქმეზე მეორე ბრალდებულმა, თემურ ჯანაშიამ პროკურორებს უთხრა, რომ შესაძლოა, ისინი საქმეს კარგად არ იცნობენ, მაგრამ საქმეში მართლაცაა სამგლოვიარო გვირგვინის ხარჯი ჩაწერილი.

„მე მგონი, ბოლოში შემოგვიერთდით და აქამდე არ გქონიათ საშუალება, გაცნობოდით და გირჩევდით, სათითაოდ…მთელი ბუღალტერიაა თქვენთან და შეგიძლიათ წაიკითხოთ, იქ არის ე.წ. თაიგულების ხარჯებიც, მოგიწოდებთ, გაარკვიოთ. 8 მლნ ნახევრის ბოტოქსი არის ძალიან ბევრი“, – განაცხადა ჯანაშიამ.

დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე პროცესის გადადება მოითხოვა.

„რა გამოვიდა, დღევანდელი სხდომა განცხადების მოსასმენად გავმართე? წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევას რა უნდა“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

მომდევნო პროცესი 5 აპრილს, 12:00-ზე ჩაინიშნა.