კაჩინსკის ძეგლის ავტორი: ესკიზიც და გადიდებული ვერსიაც შეთანხმებული იყო პოლონურ მხარესთან

პუბლიკა

გუშინ ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლი. ძეგლს ორი ავტორი ჰყავს თეიმურაზ მახარაძე და ოლეგ პატარიძე. თეიმურაზ მახარაძის თქმით, კაჩინსკის ძეგლზე მუშაობა 1 წლის წინ დაიწყეს, ესკიზიც და შემდგომ გადიდებული ვერსიაც შეთანხმებული იყო პოლონურ მხარესთან.

„პოლონურმა მხარემ დააფინანსა და მათთან შეთანხმდა წინადადება. არქიტექტორს ჰქონდა ესკიზი, როგორც მოქანდაკემ ნიუანსები შევცვალე და შეთანხმებულად გავაკეთეთ.

ესკიზიც და ფოტოებიც გადაეგზავნათ პოლონურ მხარეს, მე, როგორც მოქანდაკემ, პასუხისმგებლობა ავიღე, რომ თუ არ მოეწონებოდათ გადიდებული ვერსია პოლონურ მხარეს ფულს ვერ ავიღებდით.

ჩამოვიდა პოლონეთიდან კულტურის განყოფილების ატაშე. მასთან ერთად სხვებიც იყვნენ. მოეწონათ, დადებითად მიიღეს, მათი სიტყვებია, რომ ასეთი ჩვენ არ გვაქვს პოლონეთშიო. შეიძლება წაგვახალისეს, მაგრამ ასე თქვეს. ამის შემდეგ ტექნიკურად დავასრულეთ და თბილისში ჩამოვასხით ბრინჯაოში“, – განუცხადა თემურ მახარაძემ პუბლიკას.

თემურ მახარაძე 9 აპრილისა და 8 აგვისტოს ძეგლების ავტორიცაა. ორივე ძეგლი ბათუმში დგას. მისი თქმით, ის ძეგლთან დაკავშირებულ კრიტიკას გაეცნო და ფიქრობს, რომ გააკეთა ის, რაც იყო დაკვეთა.

„პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ უნდა ყოფილიყო რეალისტური, მაგრამ არა 60-იანი წლების მაინც და მაინც. შეგიძლიათ ნახოთ 9 აპრილის ძეგლი, თუ ჩემს კომპეტენციაში გეპარებათ ეჭვი, ნახეთ 8 აგვისტოს ქანდაკება და მიხვდებით თანამედროვე თუა. მე დამკვეთსაც ვითვალისწინებ. კლოუნის გაკეთება იოლია. უფრო თავისუფალი ხარ, შემოქმედებითად მუშაობ და არ მინდოდა კარიკატურას დამსგავსებოდა. აქ რაც იყო დაკვეთა, ის გავაკეთე“, – ამბობს თემურ მახარაძე და დასძენს, რომ ის პოლიტიკოსებს „მაინც და მაინც არ სწყალობს“.

„მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. ეს პიროვნება გაჭირვების დროს გვერდზე დაგვიდგა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – ამბობს თემურ მახარაძე.