კაცი თანაცხოვრებაში მყოფ ქალს ფარულად უღებდა ინტიმურ ფოტოებს, დაშორების შემდეგ კი გაუვრცელა - საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მორიგი ფაქტი გახსნა.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში ქ.თბილისში, თავისსავე საცხოვრებელ სახლში ფარულად უღებდა ინტიმური შინაარსის ფოტოებს.

„მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული,  შანტაჟისა და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ facebook-ზე სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 13 იანვარს ბრალდებული დავაკავეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ 2023 წლის 15 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა ბრალდება.

ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.