„კაცმა ხატზე დავიფიცებო“ – ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის საქმის მორიგი სხდომა

თათია ხალიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში  ბრალდებულის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს სასამართლო სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის უფროსი ექიმი, რომელიც დაზარალებული თამთა თოდაძის სახლში მივიდა 2019 წლის 30 სექტემბერს.

ექიმი ამბობს, რომ გამოძახება მათთან ფიზიკურ შეურაცხყოფასა და გაუპატიურების მცდელობის საკითხზე შევიდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაზარალებულის სახლში დახვდა საპატრულო პოლიცია.

როგორც ექიმი ჰყვება, დაზარალებული ძალიან იყო აღელვებული და ამბობდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა დეპუტატმა, რომელთანაც მუშაობდა. ექიმის თქმით, თამთა თოდაძეს აღენიშნებოდა თითზე ჭრილობა და მუხლი ჰქონდა გაწითლებული. მას მისცეს დამამშვიდებელი საშუალება.

„შევთავაზეთ საავადმყოფში გადაყვანა, მაგრამ უარი თქვა. ის მოითხოვდა, რომ საპატრულო გაჰყოლოდა და ოფისში მისულიყვნენ, სადაც, როგორც ამბობდა, მოხდა შემთხვევა. ამბობდა, რომ ჯერ ოფისში წავიდეთ და მერე მე თვითონ აუცილებლად წავალ ექსპერტიზაზეო“, – იხსენებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი.  

პროკურორ თამარ იაკობიძის შეკითხვებზე პასუხის შემდეგ ექიმს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დაუსვა კითხვები. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, იწვა თუ აქტიურ მდგომარეობაში იყო დაზარალებული, როცა მასთან სასწრაფო მივიდა, ტიროდა თუ არა, ასევე რა ეცვა, მათ შორის კითხვა შეეხებოდა ფეხსაცმელს – იყო ის მაღალქუსლიანი თუ სპორტული. ასევე, იყო თუ არა ის ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და სხეულის სხვა ნაწილებზე თუ ჰქონდა დაზიანება.

„თქვენ თქვით, რომ ძლიერ აღელვებული იყოო, ტიროდა ხშირად, ფეხზე წამოდგებოდაო, თუ შეიძლება, უფრო დეტალურად რომ აგვიწეროთ მისი ემოციური მდგომარეობა, რაში გამოიხატებოდა აღელვება? ვიღაცას აღელვებული შეიძლება მეც მოვეჩვენო”, – იკითხა ადვოკატმა, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ თამთა თოდაძე ბევრად „უფრო აღელვებული იყო, ვიდრე ახლა თქვენ გამოიყურებით“.

ბრალდებული დეპუტატის ადვოკატმა ექიმს ჰკითხა, დაზარალებულის აღელვება ნასვამობას ხომ არ უკავშირდებოდა და არა გადატანილ ტრავმას, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ „მას [დაზარალებულს] არ ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერს ალკოჰოლი ალაპარაკებდა.“

დაზიანებებთან დაკავშირებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა თქვა, რომ სხეული სრულად არ დაუთვალიერებიათ. რაც ჩანდა სხეულის ზედაპირზე, მხოლოდ იმ დაზიანებებზე შეუძლია ლაპარაკი.

„თვითონ არ უჩვენებია დაზიანებები. ჩვენ თვითონ დავინახეთ მუხლსა და ხელზე. როგორც თქვა, ცემის დროს მიიღო ეს დაზიანებები, წამაქცია და ფეხებით მცემაო“, – თქვა ექიმმა.

„ტანსაცმელი ხომ არ იყო დაზიანებული, თუნდაც დახეული, ან რამე კვალი ხომ არ იყო მასზე, თუნდაც მამაკაცის მტვერი ან რაიმე?“, – ჰკითხა მარიამ კუბლაშვილმა მოწმეს, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ დაზარალებულის ტანსაცმელზე არაფერი შეუნიშნავს, მათ შორის „არც მამაკაცის მტვერი“.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობელი მამუკა ფეიქრიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს ბავშვობიდან იცნობს ერთ უბანში გაიზარდნენ. როგორც მან თქვა, დაზარალებულ თამთა თოდაძესაც კარგად იცნობს და ის „მის თვალწინ გაიზარდა“.

ბრალდებული დაცვის მხარე ცდილობდა მოწმეს ესაუბრა დაზარალებულის ოჯახზე, მის დედაზე, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასევე იმაზე იყო თუ არა ოჯახი კონფლიქტური. მოწმემ თქვა, რომ ამაზე საუბარი არ სურდა, რის შემდეგადაც ბრალდებულმა ილია ჯიშკარიანმა მას უთხრა, რომ „კაცურად მოეყოლა ყველაფერი ამ ოჯახზე“.

მოწმე მამუკა ფეიქრიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაზარალებულის დედისგან შეიტყო რაც მოხდა, რადგან სასწრაფოს და პატრულის მანქანები დაინახა წინა დღით, შემდეგ კი დეპუტატს ესაუბრა: „კაცმა ხატზე დავიფიცებო, რას იძახით“.

როგორც მოწმემ განაცხადა, რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ და ზუსტად არ ახსოვს დეტალები. პროკურორმა მოწმე მამუკა ფეიქრიშვილის ჩვენება წაიკითხა, რომელიც მან გამოძიებას შემთხვევიდან მეორე დღეს მისცა.

„წინა საღამოს მისული ვიყავი ილიასთან. მას შეეძლო ხატზე დაფიცება, რომ მასსა და თამთას შორის არაფერი მომხდარა. ჩემი ინიციტივით, მე მივედი ნუნუსთან (თამთას დედა) და ვუთხარი, თამთა და ილიას შვილი ჯაბა ჯიშკარიანი თანატოლები არიან,  მეგობრები, იყვნენ უბნელები და  უხერხული იყო ამ ინფორმაციის გახმოვანება უბანში და პოლიციაში ჩივილი. როდესაც მე ეს ვუთხარი ნუნუ ოქროპირიძეს მან მითხრა, რომ მას ესმოდა ეს ყველაფერი თუმცა მისი შვილი იყო წინააღმდეგი ყოველგვარი შერიგების და მორიგების”, – ამბობდა ჩვენებაში მოწმე.

ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის და დაზარალებულ თამთა თოდაძის საქმის მორიგი სხდომა 18 მარტს ჩაინიშნა.


თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

სისხლის სამართლის 138 მუხლის მე-ნაწილის ბ ქვეპუნქტი გულისხმობს, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე.

ხოლო სისიხლის სამართლის 126-ე მუხლის 1 ნაწილი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. დანასაული ისჯება 4-დან 6 წლამდე.

ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.