„გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის”, – ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამის შესახებ „ტელეგრამზე” წერს.
„ჩვენ არ დაგვიწყებია იმის შესახებ, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ გიორგი გაბუნია, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“ , – წერს კადიროვი.
ის გაბუნიას მოუწოდებს, „სწორი დასკვნები გააკეთოს და გონება წესრიგში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მტრად დარჩება”.
კადიროვი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე კადიროვის დაკვეთით ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
„ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, და მითუმეტეს უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს”, – წერს კადიროვი.
„მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.
ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.
უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.