ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის - გახარია გაბუნიაზე

პუბლიკა

გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სუს-მა ქვეყანაში უმძიმესი დანაშაული აღკვეთა.

“მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსფარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს მოყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას.

ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცველმა სისტემამ. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასება. სამწუხაროდ, ამას პოლიტიკური იერსახე დასდევს მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

——————-

15 ივნისს მედიაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა.

კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.