ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, „პრემიერმინისტრის არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების 40-მილიონლარიანი დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარებოდა.
მისი მტკიცებით:
„პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ. […] პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ – პრემიერმა ახსენა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის, თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება”.
ეს გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში „ევროოპტიმისტებთან” შეხვედრაზე დასმული კითხვების პასუხად თქვა – დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებები გააცნო.
ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიუთითეს, რომ საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერი-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.
გიორგი კაკაურიძის თქმით, სახელმწიფომ უნივერსიტეტებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების 20%-ის ანაზღაურება შესთავაზა, 80% კი თავად სასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ – ანუ სტუდენტებს ვალი ჩამოაწერონ.
„ეს 20%-იანი ანაზღაურება იქნება სრულიად საკმარისი, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დათმოს ეს თანხა სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფო არ მოსთხოვს ამ თანხას სტუდენტებს“. – განაცხადა მან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილისვე განცხადებით, ჯერჯერობით არ იცის, ვინ დათანხმდება ამ შეთავაზებას.
2023 წლის 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.
„ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი. ეს არის, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დავალიანება“. – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი მამამ აშშ-ში სასწავლებლად ჩარტერული რეისით გადააფრინა. ცნობას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
21 სექტემბერს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა”.
ობიექტური ღირებულება, ამილახვარისვე თქმით, დავალიანების 20%-ია. 80% თავად უნივერსიტეტებმა უნდა აანაზღაურონ. მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა.