კახა კუჭავა თავმჯდომარის პოსტთან ერთად პარლამენტსაც დატოვებს

პუბლიკა

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად სადეპუტატო მანდატსაც დატოვებს. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა მიაწოდა.

პარლამენტში კახა კუჭავას ადგილმონაცვლე გია ცაგარეიშვილი იქნება.

კუჭავას თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მის ჩამნაცვლებლად პარტიამ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით, თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა და დეტალებზე არ ვისაუბრებ. მომავალ წელს გაიგებთ თქვენ უფრო მეტ დეტალს. ამ პროექტთან, ასე ვთქვათ, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომელიც არ შეგვიძლია დღეს ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე. ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, ჩემს გუნდს, ლიდერშიპს, პირადად ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხდა. ბევრი საინტერესო პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ“, – განაცხადა კუჭავამ თავის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა, არჩილ თალაკვაძემ პოსტი დატოვა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტში დარჩა და მოგვიანებით კუჭავას მოადგილის პოზიციაც დაიკავა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. სპიკერის პოსტის დატოვების შემდეგ ირაკლი კობახიძეც დარჩა საპარლამენტო უმრავლესობის წევრად.