კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, არ არის ეს ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე გუნდთან ერთად გვქონდა საუბარი, შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩემს გუნდთან ერთად“,- განაცხადა კუჭავამ.

ამასთან, კუჭავა პარლამენტის მანდატსაც ტოვებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ კუავა „დიდ პროექტზე“ იმუშავებს, თუმცა რა პროექტია, უმრავლესობის არც ერთ წევრს არ უთქვამს.

კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კუჭავას გადაწყვეტილება გუნდისთვის გულდასაწყვეტია. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყოფილ სპიკერს გაწეული სამსახურისთვის.

კობახიძემ შალვა პაპუაშვილზეც ისაუბრა, წარადგინა მოკლე ბიოგრაფია და მის პარტიულ წვლილს მნიშვნელოვანი უწოდა.

გარდა ამისა, „ოცნების“ თავმჯდომარის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე პაპუაშვილის ჩამნაცვლებლად წარდგენილი იქნება დეპუტატი გიორგი ამილახვარი. პარტიის პოლიტსაბჭოს კი ორი ახალი წევრი, ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატნენ.