მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
კახა ქემოკლიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ყოფილმა პრემიერმა 4 თებერვალს დანიშნა.
“არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი.
იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი.
მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.
დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს.
საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში!
მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით! ” – წერს კახა ქემოკლიძე.